GEO | ENG
სად წავიდეთტრანსპორტიტურიზმისპორტიგანათლებასამედიცინო მომსახურებასასტუმროებიბანკები

სიახლეთა არქივი

 

რელიგია: ეკლესია-მონასტრები

http://www.zugdidi-tsaishi.ge/

 

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
საკათედრო ტაძარი 


ეკლესიის აგება დაკავშირებულია ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატთან, რომელიც დადიანების უმთავრესი საგვარეულო სიწმინდე იყო, ამიტომაც მას მთვარები დიდი სასოებითა და მზრუნველობით ეკიდებოდნენ.
გარკვეული მიზეზების გამო ხატის შენახვა გრიგოლ დადიანმა (1788-1804) მიანდო სიმამრს, გიორგი XII-ს (1798-1800), რომლის სიკვდილის შემდეგაც ხატი მიისაკუთრა დავთ ბატონიშვილმა და მან იგი რუსეთში გადასახლებისას თან წაიღო. მისი დის, გრიგოლ დადიანის ქვრივის ნინოს (1804-1847) წერილებმა და თხოვნამ სიწმინდეთა დაბრუნების შესახებ მასზე გავლენა ვერ იქონია.
„... მაშინ მთავრინა ნინო და სამეგრელოს დიდებულები იძულებული გახდნენ მიემართათ სხვა საშუალებისათვის, ეხმარათ ხერხი, გადაწყიტეს მიართვან ხატი ხელმწიფე იმპერეტორს იმ აზრით, რომ შემდეგ ეშუამდგომლათ მის დაბრუნებისათვის სამეგრელოში. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბატონიშვილი იმპერატორისათვის ხატის მირთმევის წინაამღდეგი არ გახდებოდა და ხერხმაც მართლა გასჭრა, ბატონიშვილმა გადასცა ხატი იმ დეპუტაციას, რომელნიც ამისთვის გაგზავნილი იყო პეტერბურგში". ( ა.ხელაია „ბედიის მონასტერი" კ.კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი. ფონდი Q 587) ამ დეპუტაციაში შედიოდნენ: დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანი, ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი და კარის დეკანოზი იოანე იოსელიანი.
ცოტა მოგვიანებით, ნინო დედოფლის თხოვნით პ.ციციანოვი იმპერატორს სწერდა: „ამასთან ვბედავ დავსძინო ჩემი უქვეშევრდომესი აზრი ამ ხატის შესახებ. როგორც ცნობილია, მეგრელები ძალიან გულმოდგინენი არიან ქრისტეს სარწმუნოებაში და სამეგრელოს უმაღლეს ბედიერებად მიმჩნია ამ ხატის მათთვის დაბრუნება, რადგან მასზე ამყარებენ უღრმეს სასოებას..." (Акты собранные кавказской комиссией Т II Тифлис 1864. ст. 513-514)
იმპერატორმა შეისმინა თხოვნა და ეს ხატი ერთი წლის შემდეგ მართლაც უკან დააბრუნა. ხატი ახალი პერანგით შემოსა და ძვირფასი თვლებით შეამკობინა.
იგი ნინოსადმი უმაღლეს რესკრიპტში წერდა: „ვიცი რა, რომ მეგრელებს ძველთაგანვე აქვთ სასოება და რწმენა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატისადმი, მე ვუბრუნებ მას საჩუქრად თქვენს ოჯახს და მთელს მეგრელებს"". (Акты собранные кавказской комиссией Т II Тифлис 1864. ст. 177)
ამავე რესკრიპტში ნათქვამი იყო, რომ ამ ხატის დასასვენებლად აეშენებინათ ეკლესია დადიანების სასახლეების ახლოს, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად.
ტაძრის ასაგებად გამოიყო 2000 ჩერვონეცი, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობამ ეს საქმე დიდი ხნით მიივიწყა. 1816 წელს ლევან V დადიანი სთხოვს მთავარმართებელ რატიშევიჩს შეპირებულ თანხას. მთვარმართებელი ჰპრდება მას ამ თანხის და ეკლესიის გეგმის გაგზავნას. ეკლესიის გეგმა დადიანმა, როგორც ეტყობა მიიღო, ხოლო შეპირებული თანხა მას მხოლოდ ეკლესიის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მისცეს, იგი გაცილებით მეტი დაჯდა. მისი აგება დაიწყეს 1825 წელს და დასრულდა 1830 წელს. (თ.ქადარია „სამეგრელოს სამთავრო XIX ს-ის I ნახ-ში" თბილისი 2001 წ გვ. 224-225 )
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ყოვლადწმინდა სარტყლის ნაწილთან ერთად არაერთხელ იხსნა კონსტანტინეპოლი განადგურებისაგან. (სიტყვა „ვლაქერნა" ბერძნულია და კონსტანტინეპოლის დასავლეთ ნაწილს ერქვა)
წმ. ექვთიმე ღვთისკაცი სიწმინდეების პარიზში გახიზვნამდე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სარტყელი უკვე ხატს არ ჰქონდა.
ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1923 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს, ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი, წმ.დიდმოწამე მარინეს მკლავი, წმ.მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, წმ.იოანე ნათლისმცემლისა და წმ.გიორგის ხელის ნაწილები და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმინდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ მოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან გადარჩენას.
ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილპერანგიანი ხატი.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა. (დღესასწაული 13 სექტემბერს. ძვ.სტ.31 აგვისტოს) (გაზეთი „საფარველი" 2003 წ. #8 )
XX-ს-ის დასაწყისის საშინელ მოვლენებს ვერც დადიანების კარის ეკლესია გექცა. ღვთისმგმობელი მთავრობის ბრძანებით წირვა-ლოცვა აკრძალულ და მორწმუნეებისათვის დაკეტილ ეკლესიაში ხან მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპოზიცია იყო გამართული, ხან სამხატვრო სახელოსნო იყო მოწყობილი, ხანაც თოჯინების თეატრი...
1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოვა-კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა და მაცხოვრის შობის დღესასწაულზე წირვა ჩატარდა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა-კურთხევით კი 1998 წლიდან აქ ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება.
ტაძრის წინამძღვარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. აქვე მსახურობენ: დეკანოზი მალხაზ ჭანტურია, დეკანოზები ფრიდონ ასათიანი, დეკანოზი ამბროს თორდია, მღვდელი გიორგი ქავთარაძე, მღვდელი დიმიტრი ვეკუა. 
15 ივლისს (ძვ.სტ 2 ივლისს) ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის გადმობრძანება მუზეუმიდან ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს. ტრადიციულად ამ დღეს სადღესასწაულო წივაზე ზუგდიდში უამრავი სტუმარი მობრძანდება. ეს დღე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა საერთო-სახალხო ზეიმად და მას „ვლაქერნობა"-ს ეძახიან.

 


 

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია 

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის, ერში სიყვარულით წოდებული „მან­ცხვარკარიშ“ ეკლესია, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული. ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV ს. იხსენიება, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარის მინიშნება, მისი არსებობის დასაწყისად X ს. მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველი ვარიანტის მომხრეა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.

ტაძრის თავდაპირველი ძველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკა, იმდენად მცირე, რომ სავარაუდოა – სპეციალურად ბერებისათვის ყოფილიყო აგებული. 1874 წ. რუსეთის ეგზარხოსობისას ტაძარი რესტავრირებულ იქნა: მოეშენა ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა.

ტაძარი ადრე წმ. გიორგის სახელობის ყოფილა. 
ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას – კვირაცხოვლობას.

 


 

ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2007 წელს. ქტიტორი აწ განსვენებული ვალენტინა ქარდავაა, რომელმაც ეს ტაძარი ააშენა აფხაზეთის ომში დაღუპული შვილის სულის საოხად.

ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ილარიონ შენგელია.

 


 

ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 

 

   

    

 

 

 

 

 

 

 

 

 წმინდა გიორგის ეკლესია XIX საუკუნის 60-იან წლებში თავად ნიკო დადიანის ხელშეწყობით ივანე ჩილაჩავს აუგია გარდაცვლილი ცოლ-შვილის სულის საოხად. მოგვიანებით ტაძართან ახლოს აუგიათ მისივე მსგავსი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, როდესაც წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ღვთისმსახურება არ აღევლინებოდა,ქალაქის ხელმძღვანელობას იგი ერთი ხელმოკლე ოჯახისათვის გადაუცია. ახალმოსახლეს ტაძარი დაუშლია და იმ მასალით ოდა აუშენებია.ღვთის რისხვამაც არ დააყოვნა, ტაძრის ფიცრებისგან აშენებული ოდა ცეცხლში დამწვარა, ოჯახის წევრები კი ერთიანად ამოწყდნენ.

XX საუკუნის დასაწყისში, წმინდა გიორგის ეკლესიაში სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა მღვდელი ვასილ წულაია, რომელსაც ათეისტი კომუნისტების მმართველობის პერიოდშიც   არ შეუწყვეტია ღვთისმსახურება. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძარში მსახურობდნენ მღვდელი ბესარიონ ფარულავა და დიაკონი მიხეილ სვანიძე, რომელთა გარდაცვალების შემდეგ კომუნისტებმა ტაძარი დახურეს. ერთ ხანს მასში ჩაის საწყობი იყო განთავსებული, შემდგომ კი მარმარილოს ქვების დამამზადებელი საამქრო. ტაძრის მიდებარე ტერიტორია კი ქალაქის სასაფლაოდ აქციეს.
ღვთის განგებით უღვთოთა მიერ დახურულ ეკლესიას მფარველი გამოუჩნდა: სქემმონაზონი ქეთევანი (მებონია), რომელიც წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა და ელოლიავებოდა ტაძარს.
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 80-იან წლებში ტაძარი აღდგენილ იქნა. მასში პირველი ღვთისმსახურება აღავლინა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის აწ განსვენებულმა მოძღვართ-მოძღვარმა, დეკანოზმა ამირან შენგელიამ. ტაძრის აღდგენა-განახლებაში დიდი წვლილი მიძღვის ასევე აწ განსვენებულ იპოლიტე გულუას.
განახლებულ ტაძარში სხვადასხვა დროს მსახურობდნენ დეკანოზი ფრიდონ ასათიანი და დეკანოზი ზაბულონ ქობალია. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ანდრია ლიპარტია.
 

 

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი

 

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2009 წელს.

 


ასევე იხილე კატეგორიაში - რელიგია: